სიახლეები

ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს 2022 წლის საქმიანობის შეჯამება
24.01.2023
ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს 2022 წლის საქმიანობის შეჯამება
„სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრული ვალდებულების შესაბამისად ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს ძირითადი საქმიანობა 2022 წლის საანგარიშო პერიოდში უკავშირდებოდა საჯარო დაწესებულებების სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების (ემბლემა, დროშა, განმასხვავებელი ნიშანი, უნიფორმა, ოფიციალური დოკუმენტი, სახელმწიფო და უწყებრივი ჯილდო და სხვა) შეთანხმებას, ერთიანი სახელმწიფო მხატვრულ-შინაარსობრივი სახის ჩამოსაყალიბებლად. ამ მიმართულებით მნიშვნელოვან მიღწევად უნდა შეფასდეს საქართველოს მთავრობის 2022 წლის 14 დეკემბერის დადგენილება (#572) „აღმასრულებელი ხელისუფლების, ზოგიერთი საჯარო დაწესებულების ემბლემის გამოსახვის წესის შესახებ", რომლის შედეგადაც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის თანამშრომლობით დადგინდა საქართველოს საჯარო დაწესებულების ემბლემის ერთი სახე. აღნიშნულ ცვლილებამდე სამინისტროები, მათ დაქვემდებარებაში მყოფი საქვეუწყებო დაწესებულებები გამოსახავდნენ საქართველოს სახელმწიფო გერბის სხვადასხვა ვერსიას, ჰქონდათ დადგენილი სხვადასხვა ემბლემა, განსხვავებული წარწერით, რაც შეუძლებელს ხდიდა საქართველოს სახელმწიფო აღქმული ყოფილიყო ერთ მთლიანობად, მოუწესრიგებელს ტოვებდა სახელმწიფო პოლიტიკის უმნიშვნელოვანეს სფეროს.
იგივე ცვლილება შეეხო ოფიციალური კორესპონდენციის/წერილის ბლანკის და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების, დადგენილების, განკარგულების და სხვა) ბლანკის ნიმუშებს, საზოგადოებასთან ურთიერთობების სხვადასხვა საშუალებებს (სავიზიტო ბარათი, ბანერი და სხვა). აღნიშნულ ცვლილებამდე საჯარო საქმის წარმოებაში გამოიყენებოდა ოფიციალური დოკუმენტაციის ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ბლანკის ნიმუშები.უმნიშვნელოვანეს მიღწევად შეიძლება იყოს მიჩნეული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განმასხვავებელ ნიშანთა სრული პაკეტის (600-ზე მეტი სიმბოლოს და აღწერილობის) დადგენა, შინაგან საქმეთა სამინისტროს წოდების აღმნიშვნელი სისტემის სრულყოფა. სხვადასხვა საქვეუწყებო დაწესებულების სიმბოლოთა სრული ერთობლიობის, ემბლემის და აღწერილობის, მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლის ნიმუშის, განმასხვავებელი ნიშნის, ოფიციალური დოკუმენტაციის ნიმუშის შეთანხმება და დადგენა. აგრეთვე აღსანიშნავია საჰაერო ხომალდებზე ეროვნულობის ამოსაცნობი ნიშნის შემუშავება და დამტკიცება .
ამასთან მნიშვნელოვან გამოწვევად კვლავ რჩება 2023 წლის 1 ივლისამდე ქვეყანაში მოქმედი ყველა სახელმწიფო სიმბოლოს მოქცევა ჰერალდიკურ სტანდარტებში. აღნიშნული მიზნით, ცვლილება შევიდა დაჯილდოების კანონმდებლობაში. კერძოდ, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან შეიქმნა უწყებათაშორისი კომისია, რომელიც განახორციელებს სახელმწიფო და უწყებრივი ჯილდოების კოორდინირებულ ჩამოყალიბებას ფალერისტიკის სტანდარტებისა და ნორმების დაცვით. ცვლილებები შეეხება, როგორც ჯილდოების მხატვრულ-შინაარსობრივ სახეს, ასევე დაიხვეწება გაცემის მიზნობრიობა, სტატუტების შინაარსები და ჯილდოების ხარისხები.
მუნიციპალური სიმბოლოების მიმართულებით გადაუჭრელი რჩება ქალაქ თბილისის გერბის და დროშის საკითხი. ზოგადი გადაწყვეტილებები იქნა მიღებული აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სახელმწიფო და სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების დადგენის მიმართულებით. სემინარები და გამოცემები მიეძღვნა აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სახელმწიფო და სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების სრულყოფის საკითხებს. ოკუპირებული აფხაზეთის სიმბოლოების დადგენას და მუნიციპალური სიმბოლოების პროექტების მომზადებას.
დასახული მიზნების განხორციელების ოპტიმიზაციის მიზნით 2022 წელს საბჭომ ჩაატარა სემინარები თითქმის ყველა უმაღლესი სამთავრობო ორგანოსა და საჯარო დაწესებულებისათვის. გამოსცა სახელმწიფო სიმბოლოს - საქართველოს დროშის ისტორიული საფუძვლების დამადასტურებელი მასალები. მჭიდრო თანამშრომლობა გააგრძელა ჰერალდიკისა და ვექსილოლოგიის სფეროს ადგილობრივ და უცხოელ ექსპერტებთან.
სხვა სიახლეები
27 თებერვალი, 2024
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია აცხადებს კონკურსს თბილისის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების (გერბი და დროშა) ნიმუშების შერჩევის მიზნით. ა.წ. 27 თებერვალს თბილისის მერიის საიტზე გამოქვეყნდა მონაწილეობის
19 თებერვალი, 2024
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანებითა და საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსთან თანამშრომლობით დამტკიცდა საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოები (იხ. დანართი- ოფიციალური კორესპონდენციის/წერილის და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბლანკის ნიმუშები - 1 და 2)
19 თებერვალი, 2024
16. 02.24. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ცვლილებები შეიტანა მინისტრის 2023 წლის 22 მარტის No1-1/114 ბრძანებაში და საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსთან მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობით დაამტკიცა ოფიციალური კორესპონდენციის/წერილის და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბლანკის ნიმუშები (იხ. დანართი 1,2)
13 თებერვალი, 2024
12.02.24. საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსთან მჭიდრო ურთერთთანამშრომლობითა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გიორგი ამილახვრის ბრძანებით-N 27/ნ, დამტკიცდა საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ახალგაზრდობის სამინისტროს სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოები: ემბლემის ფორმა (დანართი 1), მედიასთან საკომუნიკაციო და ბანერის ფორმა (დანართი2), ოფიციალური კორესპოდენციის/წერილის ბლანკის ქართული და ინგლისური ვერსია (დანართი3და 4), ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბლანკი (დანართი 5)