|
||||
დამტკიცებულია ფოთის თვითმართველობის მიერ №20/47 დადგენილებით, 28.10.2005წ.
ფოთის გერბის შესახებ გერბში მთავარი ფერების (მეწამული, ლურჯი) გამოყენებას ისტორიული საფუძველი გააჩნია, ეყრდნობა XVIII-XIX სს. ისტორიულ დოკუმენტებს და სიმბოლურად ფოთის მკვიდრთა ისტორიულ წარსულს, ღირსებას, კეთილშობილებას, სიმდიდრეს, რეგიონის ისტორიულ ძლევამოსილებას განასახიერებს. გერბის ფერთა ძირითად წყაროს წარმოადგენს ვახუშტი ბატონიშვილის მიერ შექმნილი გერბები, სადაც გურიისა და სამეგრელოს რეგიონები ამ ფერებით ფიქსირდება. ამავე დროს, ვინაიდან კოლხეთის სამეფო (გურია, სამეგრელო - ისტორიული კოლხეთის სამეფოს ნაწილი) დაკავშირებულია მითთან არგონავტების შესახებ, ანუ ოქროს საწმისთან, რომელიც დასავლეთ ევროპის ჰერალდიკაში ძირითადად ფიქსირდება ოქროთი ლურჯ ველზე, ამიტომ იქნა შერჩეული ლურჯი, რომელშიც აგრეთვე აისახა არგონავტთა ზღვით დაკავშირება კოლხეთის სამეფოსთან (იხ. აგრეთვე ქუთაისის, აბაშის, წალენჯიხის გერბები). ამ ისტორიულ წარსულს განასახიერებს გერბში გამოსახული არაჰერალდიკური ფიგურა ოქროს საწმისი. დავუმატებთ, რომ ოქროს საწმისი ქრისტიანულ სიმბოლიკაში \\\"ციურ კრავს\\\" - სულიერ და ინტელექტუალურ მზეს განასახიერებს. ანუ ამ ფიგურებით გადმოცემულია ფოთის, როგორც საქართველოს ერთ-ერთი სასულიერო და ინტელექტუალური კერა, რეგიონის მკვიდრთა ღვთისმოსაობა და ინტელექტუალური ღირსებები. არაჰერალდკური ფიგურა \\\"ციხე-სიმაგრე\\\" XVIII საუკუნეში ოფიციალურად არსებული ფოთის გერბში გამოსახული ციხე სიმაგრის საფუძველზეა დაფიქსირებული, რაც ხაზს უსვამს ფოთის მუნიციპალიტეტის გერბის ჰერალდიკურ მემკვიდრეობას. გერბის ფარს ზემოთ მოთავსებული სამკოშკიანი ქონგურიანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) საქალაქო ვერცხლის გვირგვინი, ნახევრად ღია კარიბჭით, ფარს ქვემოთ მოთავსებული დევიზი \\\"ფოთი\\\", მუნიციპალიტეტის სტატუსისა და კუთვნილების აღმნიშვნელ დამატებით საიდენტიფიკაციო საშუალებას წარმოადგენს. ასევე საიდენტიფიკაციო საშუალებას წარმოადგენს ფარს უკან მოთავსებული ღუზები, ფოთის, როგორც მნიშვნელოვანი საპორტო ქალაქის აღსანიშნავად.
|