|
||||
დამტკიცებულია თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს №13/2 დადგენილებით, 26.12.2008წ.
თეთრიწყაროს გერბის შესახებ
გერბში მთავარი "ფერების" _ ლურჯის და მეწამულის გამოყენებას ისტორიული საფუძველი გააჩნია და ეყრდნობა XVIII-XIX სს. ისტორიულ დოკუმენტებს. ძირითად წყაროს კი წარმოადგენს ვახუშტი ბატონიშვილის მიერ შექმნილი გერბები. გერბის ფარის ველებზე მოთავსებული სიმბოლოები და ემბლემები გადმოსცემს მსოფლიო ისტორიაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოვლენას _ დიდგორის ბრძოლას, რომელიც სწორედ დღევანდელი თეთრიწყაროს ტერიტორიაზე შედგა და დიდი გავლენა იქონია ქრისტიანულ და მაჰმადიანურ სახელმწიფოთა მიერ წარმოებულ პოლიტიკაზე. ამავე დროს, ეს ფიგურები ხაზს უსვამენ თეთრიწყაროს გეოგრაფიულ-სტრატეგიულ მნიშვნელობას. გერბის ფარს ზემოთ მოთავსებული სამკოშკიანი ქონგურიანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) საქალაქო ვერცხლის გვირგვინი, ნახევრად ღია კარიბჭით და ფარს ქვემოთ მოთავსებული დევიზი "თეთრიწყარო", მუნიციპალიტეტის სტატუსისა და კუთვნილების აღმნიშვნელ დამატებით საიდენტიფიკაციო საშუალებას წარმოადგენს. |