|
||||
ბოლნისის მუნიციპალიტეტის დროშა დამტკიცებულია ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს №178 დადგენილებით, 30.03.2009წ. ბოლნისის გერბის შესახებ გერბის ფარში დაფიქსირებული ვერცხლის ე.წ. "ბოლნური ჯვარი" გადმოსცემს ბაზილიკური სტილის ისტორიულ-არქიტექტურულ ნაგებობას - წმინდა სალოცავ ბოლნისის სიონს, სადაც უძველესი ქართული ანბანით _ ასომთავრულით დაფიქსირებულია ყველაზე ძველი წარწერა საქართველოს ტერიტორიაზე. ამასვე მიუთითებს დევიზის ბაფთაზე გამოსახული ასომთავრული ასოებით გადმოცემული გერბის დევიზი (ბოლნისის გერბის დევიზი გამონაკლისი გახლავთ საქართველოს მუნიციპალურ გერბთა დევიზებს შორის _ ყველა მუნიციპალურ გერბში დევიზი გადმოიცემა მხედრული ასოებით) გერბის ფარში გამოსახული ფიგურებისა და "ფერების" (წითელი, ვერცხლი) გამოყენებას ისტორიული საფუძველი გააჩნია და ეყრდნობა XVIII-XIX სს. ისტორიულ დოკუმენტებს. ძირითად წყაროს წარმოადგენს ვახუშტი ბატონიშვილის მიერ შექმნილი გერბები, სადაც ქართლის რეგიონი ფიქსირდება წითელი ფერით. ამავე დროს, წითლითა და ვერცხლით ბოლნისის მკვიდრთა სამართლიანობა, სიწმინდე და სიბრძნეა გადმოცემული. გერბის ფარს ზემოთ მოთავსებული სამკოშკიანი ქონგურიანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) საქალაქო ვერცხლის გვირგვინი, ნახევრად ღია კარიბჭით და ფარს ქვემოთ მოთავსებული ასომთავრული ასოებით ჩაწერილი დევიზი "ბოლნისი", მუნიციპალიტეტის სტატუსისა და კუთვნილების აღმნიშვნელ დამატებით საიდენტიფიკაციო საშუალებას წარმოადგენს.
|