საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს განცხადება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიმბოლიკასთან დაკავშირებით
2014 წლის მარტში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში დაიწყო ერთობლივი მუშაობა უნივერსიტეტის სიმბოლიკაზე. ამ დროისთვის, მსოფლიოს სხვა ცნობილ უნივერსიტეტებისგან განსხვავებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ოფიციალურად დამტკიცებული სიმბოლიკა - დროშა და გერბი არ გააჩნდა. არაოფიციალურად გამოიყენებოდა უნივერსიტეტის დაარსებისას დიმიტრი შევარდნაძის მიერ შესრულებული უნივერსიტეტის ბეჭდის გამოსახულება, რომელმაც მეოცე საუკუნის შუა ხანებში და შემდგომ 80-იან წლებში განიცადა ცვლილებები, გაჩნდა იშხნის ორნამენტიკა და გამოიყენეს ლაჟვარდის (ლურჯი) ფერი;
უნივერსიტეტის ისტორიული მნიშვნელობის ბეჭედზე გამოსახული იყო ირმისა და ნუკრის გამოსახულებები; სადევიზე არშიაზე კი - ორენოვანი წარწერა: ქართულ ენაზე: „ტფილისის უნივერსიტეტი" ლათინურ ენაზე "UNIVERSITAS TPHILISENSIS "(იხ.ფოტო)
შემდგომში ემბლემამ განიცადა ტრანსფორმაცია და დაემატა იშხნის ორნამენტი და ფერითი ვერსიები. უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ მოწოდებული კრიტერიუმების საფუძველზე, ჰერალდიკის კანონებიდან გამომდინარე, შეიქმნა რამდენიმე ესკიზი. მოქმედ სიმბოლოში შევიდა მცირედი ცვლილებები. კერძოდ, ფარის შიგნით გამოსახული ფიგურები შესრულდა ორ ფერში ვერცხლსა და ოქროში, ამით ფიგურები ცალ-ცალკე გამოიკვეთა. სიცოცხლის (შემეცნების ხე) გამოისახა ოქროთი, ხოლო ირმისა და ნუკრის ფიგურები ვერცხლით. აღსანიშნავია, რომ საუნივერსიტეტო გერბებზე დევიზის ლათინურ ენაზე გამოსახვა არის მსოფლიოში მიღებული და დამკვიდრებული პრაქტიკა. ჩვენ ესკიზებზე დავიტანეთ პირველად ესკიზზე გამოსახული წარწერები და გამოვსახეთ დაარსების თარიღი. ხაზი გაესვა თბილისის უნივერსიტეტის მნიშვნელობას, სიძველეს და გამოიხატა პატივისცემა დამაარსებლების მიმართ. ვფიქრობდით, რომ უნივერსიტეტის სიმბოლოებზე ასევე უნდა ასახულიყო იმდროინდელი სახელმწიფო სიმბოლიკა და ხაზი გასმოდა საქართველოში საუნივერსიტეტო ცხოვრების დაარსების ეპოქას, რაც იქნებოდა დამფუძნებლის ივანე ჯავახიშვილის მიმართ პატივისცემის გამოხატულება, რომელიც ასევე გახლდათ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფო დროშის ერთ-ერთი შემქმნელი.
საქართველოს ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიმბოლოების პროექტები ჩვენს მიერ შედგენილია ჰერალდიკის მთავარი პრინციპის - მემკვიდრეობის საფუძველზე.
სხდომაზე გამოთქმული შენიშვნების შემდეგ კვლავ გაგრძელდა მუშაობა თსუ-ს სიმბოლიკის საბოლოო ესკიზის შესაქმნელად. უნივერსიტეტის გერბისა და დროშის ესკიზების შესარჩევმა დროებითმა სამუშაო ჯგუფმა შეარჩია ერთ-ერთი შუალედური ესკიზი, რომელიც უნივერსიტეტის სენატის მიერ იქნა დამტკიცებული.

იხილეთ აგრეთვე საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ლინკი