საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების ვირტუალური გამოფენა



     საქართველოს რესპუბლიკის 100 წელმა ასახვა ჰპოვა საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების ისტორიაში. ეროვნული ბიბლიოთეკისა და ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს მიერ შექმნილ ვირტუალურ გამოფენაში წარმოდგენილია, თუ როგორ შეიქმნა სახელმწიფოებრიობის მთავარი იდეა - საქართველოს სახელმწიფო გერბი, ვინ იყო მისი პირველი ავტორი და როგორ ჩამოყალიბდა დღევანდელი სრულყოფილი სახით და დადგინდა; საქართველოს სახელმწიფო დროშის შექმნა, მისი გაუქმება და ხელახლა აღდგენა დამოუკიდებლობის აღდგენასთან ერთად; საბოლოოდ, ისტორიული მრავალსაუკუნოვანი დროშის მიკვლევა დასავლეთ ევროპის წიგნსაცავებში და მისი დადგენა სახელმწიფოებრიობის მთავარ ეროვნულ სიმბოლოდ.

     სახელმწიფო ჰიმნი, ასევე სახელმწიფოს სხვა მნიშვნელოვანი სიმბოლოები, მუნიციპალიტეტების გერბები, სახელმწიფო ჯილდოები, საბრძოლო დროშები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე "საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების ვირტუალური გამოფენა"https://www.nplg.gov.ge/exhibitions/heraldika/ სადაც წარმოდგენილია ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს მასალები: სახელმწიფო სიმბოლოების ესკიზები, კანონები, ისტორიული საზღვაო რუკები და ატლასები, პარლამენტის დადგენილებები, ყველაფერი, რაც სრულყოფილ წარმოდგენას ქმნის საქართველოს დამოუკიდებლობის, სახელმწიფოებრიობის და ჰერალდიკური მემკვიდრეობის შესახებ.

      ეროვნული ბიბლიოთეკისა და ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს ერთობლივი ონლაინგამოფენა შეიქმნა ეროვნული ბიბლიოთეკის ელექტრონული რესურსების ორგანიზების განყოფილების უფროსის, საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის პრეზიდენტის ქალბატონ რუსუდან ასათიანის ხელშეწყობით. 

        26 მაისს ეროვნულ ბიბლიოთეკაში ეროვნული დროშის დარბაზიც გაიხსნა. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია შუა საუკუნეების ევროპული საზღვაო რუკების(პორტოლანების) ბეჭდური ვერსიები. ევროპელი კარტოგრაფები თავიანთ რუკებზე საქართველოს ტერიტორიის აღსანიშნავად ხუთჯვრიან დროშას იყენებდნენ. მასალა ეროვნულ ბიბლიოთეკას ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭომ გადასცა.     აგრეთვე  წარმოდგენილია იმ ხუთჯვრიანი დროშის ორიგინალი, რომელიც 2004 წელს დაამტკიცა პარლამენტმა.  ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზისთვის ეროვნული დროშის სახელის მინიჭებას თავისი წინაპირობა აქვს. 2003 წელს პირველად ამ დარბაზში გაიმართა სხდომა, რომელზეც ახალი დროშისა და სახელმწიფო სიმბოლიკის მიღებაზე იმსჯელეს. სწორედ ამ სხდომის საფუძველზე დაამტკიცა პარლამენტმა 2004 წელს ხუთჯვრიანი დროშა სახელმწიფო დროშად.


                       

 

 

იხილეთ აგრეთვე საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ლინკი