ინტერვიუ საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მამუკა გონგაძესთან



-
ბატონო მამუკა, პირველ რიგში, გილოცავთ ჰერალდიკის საერთაშორისო აკადემიის წევრად არჩევას. თუ შეგიძლიათ, თავდაპირველად გვითხრათ, რას წარმოადგენს ჰერალდიკის საერთაშორისო აკადემია და როგორ მოხდა თქვენი არჩევა?
- დიდი მადლობა. ჰერალდიკის საერთაშორისო აკადემია ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ორგანიზაციაა ჩვენს დარგში, დაარსებულია 1949 წელს და აერთიანებს ჰერალდიკაში ყველაზე გამოჩენილ მოღვაწეებს მსოფლიოში. ჩემთვის პირადად დიდი პატივია ამ აკადემიის წევრად არჩევა, მაგრამ ამავე დროს ეს არის ჩვენი საქმის აღიარება. დამოუკიდებლობის მოპოვების დროს ჩვენ გვქონდა მხოლოდ ორი სიმბოლო ნამგალი და ურო. 1991 წლიდან მოყოლებული სახელმწიფოსგან ერთად ვითარდებოდა ეს დარგი და საბედნიეროდ, ყველა ეტაპზე გახლდით ამ პროცესში ჩართული. პირადად ჩემი წარდგენა მოხდა ფლანდრიის ჰერალდიკის საბჭოს თავმჯდომარის და აკადემიის ვიცე-პრეზიდენტის ინიციატივით.



-
მათთან როგორ მოხდა კომუნიკაცია?
- ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს საქმიანი ურთიერთობები აქვს ევროპის შესაბამის კომიტეტებთან, ზოგიერთი მათგანი პარლამენტთან არსებულია, ისევე როგორც ჩვენი საბჭო, ზოგი პრეზიდენტთან არსებული. ისინი წარმართავენ ჰერალდიკურ პროცესებს ქვეყნებში, აქვთ დიდი გამოცდილება ამ მიმართულებით, ჩვენ ბევრს ვსწავლობთ მათგან, ვიზიარებთ, ვათანხმებთ. გაფორმებული გვაქვს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები. ამავე დროს ისინი ჩვენ გვჭირდება საქართველოში ხელმეორედ შექმნილი თუ აღდგენილი სიმბოლოების აღიარებისათვის, საერთაშორისო ცნობარებში შესატანად, რომ მაგალითად მუნიციპალიტეტის სიმბოლოს იცნობდნენ არა საკუთრივ მუნიციპალიტეტში, ვთქვათ გორში, ხაშურში თუ აბაშაში, არამედ მსოფლიოშიც.



-
საბჭო კოორდინაციას უწევს მუნიციპალური სიმბოლოების შექმნასაც, რა როლია ამ პროცესში თქვენი? თქვენ უდგენთ სიმბოლოებს მუნიციპალიტეტებს?
- საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის კანონის თანახმად, საბჭოსთან შეთანხმებით დგინდება მუნიციპალური სიმბოლოები საკრებულოების მიერ. ამ მომენტისთვის საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტს თბილისისა და ოკუპირებული ტერიტორიების გარდა აქვთ საკუთარი სიმბოლოები, რომელიც შექმნილია გამჭვირვალე კონკურსის საფუძველზე დამოუკიდებლობის პირობებში. თითქმის ათი წელი დასჭირდა რომ სამოცდაათამდე მუნიციპალიტეტს შეექმნა თანამედროვე სტანდარტების ჰერალდიკური ნიშნები გერბი და დროშა, რომელიც გაითვალისწინებდა ამ მუნიციპალიტეტის ისტორიას, კულტურას, პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ გეოგრაფიულ მნიშვნელობას. თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს მუნიციპალური სიმბოლიკა ერთ-ერთი საუკეთესოა არა მხოლოდ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, არამედ მთელს მსოფლიოში. შარშან უმაღლესი შეფასება დაიმსახურა ადგილობრივმა დროშებმა მსოფლიო დიდი ბრიტანეთისდროშების ინსტიტუტის. Flag Institute-ის მიერ ორგანიზებულ ვექსილოლოგიის საერთაშორისო ასოციაციის ასამბლეაზე. დროშების ინსტიტუტი ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ორგანიზაციაა ასევე მსოფლიოში.

 



-
ოკუპირებული ტერიტორიების შემთხვევაში გასაგებია თუ რატომ არ გააჩნიათ მათ ადგილობრივი გერბები და დროშები, მაგრამ თქვენ ახსენეთ თბილისიც, თბილისს ხომ აქვს დროშა და გერბი?
- დიახ, თბილისს აქვს გერბიც და დროშაც, რომელიც გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს შექმნა ცნობილმა ქართველმა მხატვარმა ემირ ბურჯანაძემ. მე გითხარით, რომ თბილისის დროშა და გერბი დამოუკიდებლობის პირობებში არ არის შექმნილი. ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს წელს უსრულდება 10 წელი. დიდი დამსახურება მიუძღვის ამ თვალსაზრისით ჩვენს თავმჯდომარეს ბატონ ელდარ შენგელაიას, რომ პოლიტიკური ნება ყოფილიყო ასეთი საბჭოს დაარსების. საბჭო ადგენს და იზიარებს თანამედროვე სტანდარტს, ხელმძღვანელობს ჰერალდიკის ტრადიციული, უნივერსალური ნორმებით, საბჭოა კავშირში ჰერალდიკა ისტორიის დამხმარე მეცნიერებად იყო გაგებული, რადგან ცოცხალი სიმბოლიკა არ არსებობდა, ამ სიმბოლიკის შექმნა-ცვლილება იყო სრულიად გაყინული ისევე როგორც ბევრი სხვა მიმართულება. შესაბამისად, 1989 წელს შექმნილი თბილისის სიმბოლოები უკვე დიდი მიღწევა იყო, ჯვრიანი დროშა წარმოუდგენელი იყო საბჭოთა სივრცეში, მაგრამ დღევანდელი გადმოსახედიდან, ჰერალდიკური ნორმებით სიმბოლოები მიუხედავად მათი მხატვრული დახვეწილობისა გაუმართავია და არ ჯდება ჰერალდიკის როგორც მკაცრად განსაზღვრული კანონიკის მქონე მეცნიერების ჩარჩოებში. სხვათა შორის იმ აკადემიის ლოგოს რომელშიც გაგვაწევრიანეს ლოგოზე აწერია ხელოვნება და მეცნიერება, რაც ზუსტად ასახავს ჰერალდიკის რაობას.

-
თქვენ ბრძანდებით საქართველოს სახელმწიფო გერბის ავტორი, სხვადასხვა უწყებრივი სიმბოლოების, მემორიალური და საცირკულაციო მონეტების ავტორი, უწყებრივი სიმბოლოები, მონეტები საბჭოს პრეროგატივაა?
- საბჭოს საქმიანობა განსაზღვრულია ორგანული კანონით სახელმწიფო გერბის შესახებ, ისევე როგორც სხვა ქვეყნებში ჩვენს საქმიანობას აწესრიგებს ორგანული კანონი სახელმწიფო სიმბოლოების შესახებ. მუნიციპალური სიმბოლოების შესახებ საბჭოს ფუნქცია უკვე ადგილობრივი თვითმმართველობის კანონით არის მოწესრიგებული. ახლა მიღების პროცესშია ახალი კანონი სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ, რომელიც მოაწესრიგებს უწყებრივ სიმბოლიკას, უნიფორმებს, ყველა სიმბოლოს, რომლითაც მოქალაქე ცნობს საკუთარ თუ სხვა სახელმწიფოს. ადგილობრივი სიმბოლიკის საერთო ჰერალდიკურ ჩარჩოში მოქცევამ იმდენად დადებითი შედეგი გამოიღო, რომ აუცილებელია მისი გავრცელება სხვა სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლიკაზე. მაგალითად, ყველგან, სადაც ჰერალდიკური ნორმები დამკვიდრებულია, ცალკეულ სახელმწიფო უწყებები გამოიყენებენ მცირე სახელმწიფო გერბს, ჩვენთან ყველა დაწესებულებას საკუთარი ლოგო აქვს, რომელიც ერთმანეთისგან იმდენად განსხვავდება, რომ ძნელია გაერკვე ერთი ქვეყნის სიმბოლოებია თუ სხვადასხვა. ლოგოების ცვლილება იწვევს უნიფორმების ცვლილებას სპეციალური ფორმის მქონე დაწესებულებებში, რაც დაკავშირებულია ხარჯებთან... ამიტომ ამ სფეროს მოწესრიგება ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა.

-
გულისხმობთ ჯარს და პოლიციას?
- დიახ, და არა მარტო. იგივე სასჯელაღსრულება, სატყეო... ძალიან ბევრი უწყება ატარებს განმასხვავებელ ნიშანს, რომელიც ცხადია, რომ უნდა ექვემდებარებოდეს ერთ ჰერალდიკურ სტილს და უნდა იცვლებოდეს ძალიან იშვიათად, უკიდურეს შემთხვევებში და არა დაწესებულების ხელმძღვანელის გემოვნებით ან ცვლილებასთან ერთად. გასულ წელს საქართველოს პრეზიდენტმა დაამტკიცა სამხედრო საბრძოლო დროშები, მანამდე ყველა სახეობას და ბატალიონს ჰქონდა სტილისტურად სრულიად განსხვავებული სიმბოლო და დროშა, რაც 90-იან წლებიდან იყო დამკვიდრებული. ახლა აღნიშნული სფეროც თანდათან ექვემდებარება საერთო სახელმწიფოებრივ ჩარჩოს.

-
არცთუ დიდი ხნის წინ ეროვნული ბანკი გამოთქვამდა უკმაყოფილებას, რომ საბჭო ცდილობს ფულის ნიშნების ემისიაში ჩარევას, ხომ არ უკავშირდება აღნიშნული თქვენი საბჭოს უფლებამოსილებების გაზრდას?
- სწორად უნდა იყოს გაგებული ჰერალდიკის საბჭო რაში ერევა და რამდენად. იგივე მუნიციპალიტეტებთან მიმართებაში გადაწყვეტილებებს იღებს ადგილობრივი ხელისუფლება, კონკურსში გამარჯვებული კანდიდატის გამოსავლენად კომისიას ადგენს ადგილობრივი ხელისუფლება, საბჭოს მხრიდან ამ კომისიაში მოვლენილია წარმომადგენელი და საბოლოოდ საბჭო მხოლოდ ადგენს შერჩეული სიმბოლოს შესაბამისობას ჰერალდიკის თანამედროვე ნორმებთან, სხვა ყველა გადაწყვეტილება მიღებულია ადგილობრივ დონეზე. იგივე არის ბანკთან მიმართებაში და კიდევ უფრო მკაცრად. მოგეხსენებათ, რომ ბანკი სრულიად დამოუკიდებელია, მათ შორის ფულის ბანკნოტების შექმნის საკითხში... საბჭოს წინადადება იყო მხოლოდ საბოლოოდ შექმნილი ფულადი ნიშნის ჰერალდიკური ანალიზის, თუნდაც სარეკომენდაციო უფლების მოპოვება, რომ საქართველოს სახელმწიფო ნიშანი დაცული იყოს, თუნდაც სხვა სახელმწიფოების ჰერალდიკური ნიშნების გამეორებისაგან. მხატვარი რამდენადაც დიდი ხელოვანი არ უნდა იყოს, არ არის ვალდებული ასხვავებდეს ჰერალდიკური ნიშნების, რა სიმბოლო როგორ და რა ფორმით არის ან ყოფილა დაკავშირებული ამა თუ იმ სახელმწიფოსთან. ასეთი იყო საბჭოს შემოთავაზება დანარჩენი კანონმდებლების გადასაწყვეტია