დადგინდა საქართველოს საჯარო დაწესებულების ემბლემის და ბლანკის ერთიანი ნიმუში

 

 

 

      2022 წლის 14 დეკემბერს ძალაში შევიდა საქართველოს მთავრობის დადგენილება (#572) „აღმასრულებელი ხელისუფლების, ზოგიერთი საჯარო დაწესებულების ემბლემის გამოსახვის წესის შესახებ". კანონი „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ" საქართველოს საჯარო დაწესებულებებს ავალდებულებს ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსთან შეათანხმონ სახელმწიფო მნიშვნელობის მქონე ყველა სიმბოლო, როგორც სახელმწიფო დაწესებულების ემბლემა, სახელმწიფო და უწყებრივი ჯილდო, თანამდებობრივი და სამხედრო განმასხვავებელი ნიშნის, ისე ოფიციალური დოკუმენტისა და ბლანკის ნიმუშები, რაც ქმნის სიმბოლიკის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის გატარების პირობას.

      აღნიშნულიდან გამომდინარე, ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის თანამშრომლობით შემუშავდა საქართველოს საჯარო დაწესებულებების ემბლემის და ბლანკის ერთიანი ნიმუშები, საქმისწარმოების სხვა დოკუმენტების, საზოგადოებასთან ურთიერთობების სხვადასხვა საშუალებებისთვის (შენობის აბრა, სავიზიტო ბარათი, ბანერი და სხვა) განკუთვნილი საქართველოს სახელმწიფო გერბის და ქვეუწყებებისთვის საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბის გამოსახვის წესები.

     საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოყენების სფერო განსაზღვრულია კანონით. ამასთან საქართველოს სახელმწიფო გერბის კონკრეტული მხატვრულ-შინაარსობრივი სახის დადგენის გარეშე, საჯარო დაწესებულებები გამოსახავდნენ საქართველოს სახელმწიფო გერბის სხვადასხვა ვერსიას, სხვადასხვა ემბლემას, ლოგოს, განსხვავებული წარწერებით, რაც შეუძლებელს ხდიდა საქართველოს ხელისუფლება აღქმული ყოფილიყო ერთ მთლიანობად, სამინისტრო, სსიპი მიკუთვნებოდა საქართველოს სახელმწიფოს, მოუწესრიგებელს ტოვებდა სახელმწიფო პოლიტიკის უმნიშვნელოვანეს მიმართულებას.

     #572 დადგენილება შესაძლებელს გახდის საქართველოს ხელისუფლება აღქმული იყოს ერთ მთლიანობად და დაცული იყოს საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახვის ერთიანი ფორმალური სტილი. დადგენილება განკუთვნილია სამინისტროებისთვის და მათი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისათვის, სახელმწიფო მინისტრის აპარატისათვის, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისათვის, საქართველოს მთავრობისა და სამინისტროების კონტროლქვეშ არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის.

     განხორციელების ბოლო ვადად განისაზღვრა 2023 წლის 1 ივლისი, როდესაც აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის სავალდებულოა საქართველოს სახელმწიფო გერბისა და წარმომდგენი დაწესებულების სახელწოდების აღმნიშვნელი აბრის, ასევე ოფიციალური კორესპონდენციის და ნორმატიული აქტის ერთიანი სახით გამოსახვა.

 

 

საქართველოს საკანონმდებლო მაცნე www.matsne.gov.ge/ka/document/view/5643164?publication=0 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

იხილეთ აგრეთვე საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ლინკი