საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა მეორე მოსმენით იმსჯელა „საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ" კანონში შესატან ცვლილებაზე და შესაბამისად მხარი დაუჭირა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების შენობებზე სახელმწიფო დროშისა და გერბის განთავსების ინიციატივას.როგორც კანონპროექტის ინიციატორმა, დეპუტატმა კახა კახიშვილმა განაცხადა, კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, სავალდებულო იქნება სახელმწიფო დროშის მუდმივად აღმართვა და სახელმწიფო გერბის სრული სახით განთავსება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების და იმ იურიდიული პირის შენობებზე, რომელიც სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიწოდებას უზრუნველყოფს. ასევე, სავალდებულო გახდება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის ტექსტის თვალსაჩინო ადგილას განთავსება ზემოაღნიშნულ დაწესებულებებში. აღნიშნული ინიციატივის დეტალებზე საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დავით ჩხეიძე გვესაუბრა:


 ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო ყოველთვის მიესალმება სახელმწიფო სიმბოლოების პოპულარიზაციას, განსაკუთრებით სკოლამდელ თუ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში. გარდა ამისა, არის უამრავი მუნიციპალური სიმბოლო, რომელიც ბავშვმა აუცილებლად უნდა იცოდეს. მით უფრო, მუნიციპალიტეტებში, გერბსა და დროშას დიდი მნიშვნელობა აქვს ადგილობრივი თვითმმართვლეობის განვითარებისთვის. მაგალითად, მოსწავლემ უნდა იცოდეს, რომ თვითმმართველობას დიდი ძალა აქვს და თავადაც მუნიციპალიტეტის ბედის გამგებელია. ეს ძალიან საინტერესო პროცესია, თავისთავად, და გულისხმობს არა მარტო პატრიოტიზმის გაღვივებას ახალგაზრდობაში, არამედ, ზოგადად, მოქალაქეობრივი თვითშეგნების ამაღლებას. სიმბოლო სწორედ მოქალაქეობრივ თვითშეგნებაზე მუშაობს - როგორ უნდა გაიმართოს სახელმწიფო სისტემა ისე, რომ იყოს მაქსიმალურად ეფექტური; რამდენად აქტიური უნდა იყოს საზოგადოების ჩართულობა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის პროცესებში; როგორ უნდა ახდენდეს მოქალაქე იდენტიფიცირებას ქვეყანასთან თუ მუნიციპალიტეტთან; როგორ უნდა ცნობდე სახელმწიფო პირს, საჯარო მოხელეს, პოლიციელს.. რაც შეეხება ინიციატივას საჯარო სკოლებთან სახელმწიფო გერბის გამოსახვის და სახელმწიფო დროშის აღმართვის შესახებ, ეს აქტივობაც სახელმწიფოებრივი და სამოქალაქო თვითშეგნების ამაღლების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. ამჟამად ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო, იურიდიულ და საპროცედურო კომიტეტებთან აქტიური თანამშრომლობით, „საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ" კანონში შესატანი კიდევ არაერთი დეტალის ჩასწორების აუცილებლობაზე მუშაობს.

            - აღნიშნული ინიციატივის საჭიროება განსაკუთრებით მძაფრად აღიქმება უკრაინის ომისა და მთელი მსოფლიოს მასშტაბით უკრაინის სახელმწიფო სიმბოლოების მიმართ გამოხატული პატივისცემის ფონზე. ხომ არ უკავშირდება ეს წინადადება, პირდაპირ ან ირიბად, მიმდინარე მოვლენებს?


          ვერ გეტყვით, რომ ეს პირდაპირ უკავშირდება უკრაინას, რადგან ბატონმა კახამ ეს ინიციატივა რამდენიმე წლის წინ წარმოადგინა, უბრალოდ ამას ახლდა მთელი რიგი საპროცედურო განხილვები, ცვლილებები და წარდგენა პარლამენტის სხდომისთვის. რაც შეეხება სახელმწიფო სიმბოლოებს, ჩვენ საკმაოდ პოპულარული სიმბოლოები გვაქვს, რომლებიც საზოგადოებას უყვარს. ამ ინიციატივის მნიშვნელობა სახელწიფოებრიობასთან, სამოქალაქო ვალდებულებებთან, პასუხისმგებლობებთან და უფლებებთან ახალი თაობის ზიარებაში და ამ ცნებებისადმი სიყვარულის დანერგვაში მდგომარეობს. მაგალითად, ჩემს გარემოცვაში უკლებლივ ყველამ იცის გერბის სიტყვები, მოსწონს და აღფრთოვანებულია ჩვენი დროშით და გერბით.


           -აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივის ძალაში შესვლის შემთხვევაში, მოზარდს სახელმწიფო სიმბოლოების ვიზუალური აღქმის საშუალება მუდმივად ექნება. თუმცა, უკეთესი შედეგისათვის სათანადო ინფორმაციის პერმანენტულად მიწოდებაც საშური საქმეა. რა კეთდება ამ თვალსაზრისით?


 ჩვენ ხშირად გვაქვს გასვლითი ლექციები რეგიონების სკოლებსა და გიმნაზიებში, ასევე, ვაწყობთ გამოფენებს, სადაც საგანმანათლებლო რესურს-ცენტრებიდან მოყვანილ ბავშვებს საჯაროდ ვუკითხავთ ლექციებს. ვარკვევთ როგორ არის შექმნილი სახელმწიფო თუ მუნიციპალური მნიშვნელობის სიმბოლიკა. გარდა ამისა, სახელმწიფო დროშისა და სახელმწიფო გერბის შესახებ ინფორმაცია შეტანილია სახელმძღვანელოებში. ერთადერთი, რაც ჩვენ ჯერ კიდევ დანაკლისად მიგვაჩნია, სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჰერალდიკის, როგორც დარგის, არარსებობაა. საბჭოთა დროს ეს მეცნიერება თითქმის გაუქმებული იყო და რაღაც დამხმარე დისციპლინად იყო ცნობილი. დღეს, როდესაც პოლიციელიდან დაწყებული ფულით დამთავრებული, ყველგან გვაქვს ჰერალდიკური ნიშანი, სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლიკის სწავლებაც უფრო აქტიური უნდა გახდეს. ამ მიმართულებით ჩვენ გვაქვს გარკვეული ინიციატივები და ვფიქრობთ, ახლო მომავალში დავნერგავთ კიდეც.


          - თუ შეგიძლიათ დაგვისახელოთ სახელმწიფო სიმბოლოებისადმი უდიერი, უხეში და უღირსი დამოკიდებულებების მაგალითები?

 იშვიათად. მაგალითად, ყველაზე მიუღებელი იყო, როდესაც პოლიციელმა საქართველოს დროშა წაართვა დემოსტრანტს და ბალახზე გადააგდო, ალბათ, ეს ყველა მოქალაქისთვის შეუფერებელი საქციელია და, მითუმეტეს, სამართლდამცავისთვის, ასეთი უღირსი დამოკიდებულება დროშისადმი აბსოლუტურად დაუშვებელია. ასევე, თქვენ ნახეთ როგორ მოექცნენ ევროპის დროშას, რომელიც ჩამოგლიჯეს და დაფხრიწეს - ესეც ერთ-ერთი უიშვიათესი შემთხვევა იყო. მანამდე მსგავსი, ალბათ, არც ყოფილა და პარლამენტის რეაგირებამაც არ დააყოვნა.


          - მართალია ეს წესი კანონითაა განსაზღვრული და ყველა დაინტერესებული პირისთვის ინფორმაცია ხელმისაწვდომია, მაგრამ მაინც მინდა გკითხოთ, სად და რა პირობებშია დაცული საქართველოს სახელმწიფო დროშისა და საქართველოს სახელმწიფო გერბის ორიგინალები?


საქართველოს სახელმწიფო დროშა და საქართველოს სახელმწიფო გერბის სანიმუშო ვარიანტი, რომელიც გამოქანდაკებულია, საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში ინახება - ეს კანონითაც ასეა განსაზღვრული. ქვეყანაში მთავარი სიმბოლოებით უმაღლესი არჩევითი პირია აღჭურვილი. საქართველოს პრეზიდენტს სახელმწიფო გერბის და სახელმწიფო დროშის ეტალონები აბარია, მათი დაზიანება და ხელყოფა დაუშვებელია. ყველა სხვა გერბი და დროშა ამ ორი სიმბოლოს ასლია.https://alioni21.ge/kaxa-kaxishvilis-iniciativa/?fbclid=IwAR0G7anU51lH4bGafmmOktpfZF5gxKDOyDTMubJSQ-AUka2T5dnQabF_nCk 

 



 

 

 

იხილეთ აგრეთვე საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ლინკი