მამუკა გონგაძე - ოფიციალურად აღმართული ან გამოსახული სიმბოლოსადმი არაღირსი პატივით მოპყრობა უნდა გახდეს დასჯადი

 


        საბჭო თანამშრომლობს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტთან, თქვენ მოგეხსენებათ, რომ კანონი ევროკავშირის და სხვა სახელმწიფო დროშების შებღალვასთან დაკავშირებით ძალიან დროულად არის ინიცირებული თავმჯდომარის მიერ. საბჭოს პოზიცია უფრო ტექნიკურია, რაც მომავალში აისახება კანონმდებლობაში, დროშის მიმართ არაღირსი პატივით მოპყრობა დაკავშირებულია სახელმწიფო სიმბოლოების აღმართვის გამოფენის და გამოსახვის წესთან.

        სახელმწიფო სიმბოლოს, განსაკუთრებით დროშას აქვს როგორც სახელმწიფოებრივი ისე ეროვნული დატვირთვა, ზოგიერთი სახელმწიფოში პირდაპირ გამიჯნულია დროშები. სახელმწიფო დაწესებულებები აღმართავენ სახელმწიფო დროშას ხოლო გულშემატკივარი სპორტულ ღონისძიებაზე, აქციაზე აფრიალებს ეროვნულ დროშას.

      სახელმწიფო დაწესებულების, ოფიციალური პირის მიერ ღირსი პატივით აღმართული, გამოფენილი ან გამოსახული სახელმწიფო სიმბოლო - იქნება დროშა თუ გერბი, ასევე სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლო, მაგალითად პოლიციელის სამხრე არ შეიძლება იყოს შებღალული ანუ სახელმწიფომ უნდა დაიცვას მისი მთლიანობა, სახის ურღვევობა, მათ შორის მოქალაქეებისგან.

      ვფიქრობთ, იგივე უნდა გავრცელდეს უცხო ქვეყნის წარმომადგენლობების სიმბოლოებზე, საერთაშორისო ორგანიზაციების და დიასპორების დროშებზე და გერბებზე. ასევე უმნიშვნელოვანესია მკაცრად დადგინდეს და განისაზღვროს საქართველოს ტერიტორიაზე ოკუპანტი ქვეყნის სიმბოლოების აღმართვის, გამოფენის და გამოსახვის წესი.

       რაც შეეხება სპორტულ ღონისძიებებს, კერძო სახლებს, აქციებს... სადაც გამოხატვის თავისუფლება შეიძლება განხორციელდეს სიმბოლური სახით, საჭიროა უფრო ფრთხილი დამოკიდებულების გამოჩენა. მაგალითად, გულშემატკივარმა შეიძლება დააგდოს სახელმწიფო დროშა მატჩის შემდეგ ან მოექცეს არაღირსი პატივით. ასეთი გამოყენების მიმართ შეზღუდვის დაწესებისას ადმინისტრირება გაჭირდება და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფის თვალსაზრისით რამდენად მიზანშეწონილია ძნელი სათქმელია.

        ამავე დროს მნიშვნელიანია სტანდარტიზაცია. რომელია საქართველოს, ევროპის დროშა და რომელი არა? ყველა ხუთჯვრიანი კომპოზიცია მეწამულ ფერში თეთრ ველზე საქართველოს სახელმწიფო დროშად არ შეიძლება იყოს მიჩნეული. მაგალითად, ხშირია დროშის გამოსახვა მხატვრულად, ასეთ დროს დარღვეულია დროშის ძირითადი პარამეტრები, ფერები ე.წ პანტონები... ამიტომ ასეთი სიმბოლო არ შეიძლება მიჩნეული იყოს დროშაა და შესაბამისად მისი დამხატავი ღვინის ეტიკეტზე თუ სუვენირზე არ შეიძლება დაისაჯოს.

       სახელმწიფო დაწესებულება კი ვალდებული იქნება მხოლოდ სტანდარტიზებული ანუ ეტალონის ასლი სიმბოლო აღმართოს, გამოფინოს ან გამოსახოს, რისი დაზიანებაც ცხადია, რომ იერიშად უნდა იყოს განხილული სახელმწიფო დაწესებულებაზე, ორგანიზაციაზე, რომლის წევრიც არის ქვეყანა და ა.შ

       ამიტომ ინიციატივა დროულია, საქართველო ევროსაბჭოს წევრი სახელმწიფოა, აქვს სრული უფლება ოფიციალურად ჰქონდეს აღმართული ევროპის დროშა და მის მიმართ არაღირსი პატივით მოპყრობა უნდა იყოს სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი.