საქართველოს პარლამენტთან არსებულმა ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭომ შეაჯამა 2020 წლის შედეგები. ქვეყანაში გრძელდება კანონით გათვალისწინებული ცვლილებები სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების სრულყოფისა და  ერთიანი მხატვრულ-შინაარსობრივი სახის ჩამოყალიბების მიმართულებით.
       დადგინდა საქართველოს პრეზიდენტის დროშა და საქართველოს პრეზიდენტის დროშის აღმართვისა და გამოფენის წესი. საქართველოს პრეზიდენტის დროშა და მისი აღწერილობა დაექვემდებარა ჰერალდიკის თანამედროვე სტანდარტებსა და საქართველოს რესპუბლიკური ჰერალდიკურ ტრადიციას. კერძოდ, საქართველოს პრეზიდენტის დროშა შედგენილია საქართველოს სახელმწიფო გერბის მთავარი ფიგურის წმ. გიორგის და საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის შტანდარტის საფუძველზე ორ - წითელ და თეთრ - სახელმწიფო ფერში. ასევე პრეზიდენტის დროშის აღწერილობა შედგენილია საქართველოს დემოკრატიული რეპუბლიკის მთავრობის შტანდარტის აღწერილობის საფუძველზე.
      დადგინდა ადგილობრივი თავიმმართველობის ახალი სიმბოლოები, კერძოდ, თელავის მუნიციპალიტეტის გერბი და დროშა. ქ.თბილისის და ოზურგეთის გარდა საქართველოს 4 თვითმმართველი ქალაქი და 64 თვითმმართველი თემი აღჭურვილია მუნიციპალური სიმბოლოებით.
      დადგინდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უწყებრივი ჯილდო - „სულხან-საბა ორბელიანის მედალი", რომელიც გადაეცემათ საქართველოს დიპლომატიური სამსახურის თანამშრომლებს მიღწევებისათვის.
      ჰერალდიკის საბჭომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში მოახდინა თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი სამკერდე ნიშნების და საპატიო ფარების ახალი მხატვრულ-შინაარსობრივი სახის შემუშავება.
     შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ურთიერთთანამშრომლობის შედეგად დადგინდა: ქ.თბილისის პოლიციის დეტექტივისა და გამომძიებლების ყოველდღიური სამსახურებრივი უნიფორმა, ობიექტების დაცვის დეპარატამენტის მოსამსახურეთა ფორმა-ჩაცმულობა, აკადემიის ემბლემის, აკადემიის რექტორისა და თანამშრომელთა უნიფორმები და ატრიბუტიკა, სსიპ მომსახურების სააგენტოს მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლი, ატრიბუტიკა და ემბლემა, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი ,,112"-ის ემბლემა, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლი, ატრიბუტიკა და სიმბოლოები, სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლი, ატრიბუტიკა და ემბლემა.
      საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების ჰერალდიკურ სტილთან შესაბამისობაში მოვიდა სხვა სახელმწიფო დაწესებულებების სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოები (ემბლემები, ჯილდოები, განმასხვავებელი ნიშანები).
      გამოვიდა ჟურნალ „ჰეროლდის" მე-9 ნომერი, რომელიც სრულად მიეძღვნა საქართველოში მოქმედ სახელმწიფო და უწყებრივი ჯილდოთა ერთობლიობას. გამოქვეყნდა საბჭოს მიერ შესწავლილი ევროპის ქვეყნების დაჯილდოების სისტემების თანამედროვე სტანდარტები და ქართული ფალერისტიკის ეროვნული საფუძვლები, რაც დაგეგმილი რეფორმის ფარგლებში ხელს უწყობს მოქმედი სახელმწიფო და უწყებრივი ჯილდოების სრულყოფას, სტატუტებისა და ჯილდოთა გაცემის მიზნობრიობის დადგენას, სისტემის ერთიანი მხატვრულ-შინაარსობრივი სახის შემუშავებას. ჰერალდიკის საბჭომ ქ.ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტში გამართა გამოფენა და ლექცია - „თანამედროვე ქართული სახელმწიფო სიმბოლოები".