მამუკა გონგაძე: ენგურის ხიდთან არ უნდა იყოს აღმართული საქართველოს სახელმწიფო დროშა

 


 ბატონო მამუკა, მოგესალმებით! წელს დიდი იყო საინფორმაციო საშუალებების ინტერესი საქართველოს სახელმწიფო დროშის მიმართ. მინდა ამასთან დაკავშირებით გკითხოთ, რამდენად იცნობს საზოგადოება სიმბოლოებს, რომლებიც წარმოადგენენ ჩვენს ქვეყანა?

მოგესალმებით! რამდენადაც იცნობს საზოგადოება სახელმწიფო და სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოებს, იმდენად იცნობს საკუთარ სახელმწიფოს. სამართალდამცავი, მეხანძრე, მეტყევე... ყოველ წარმომადგენელს საკუთარი სახელმწიფოსი უნდა ცნობდეს მოქალაქე, მოქალაქე, რომელიც იხდის გადასახადს, რომელიც ვალდებულია დაემორჩილოს და ამავე დროს უფლება აქვს მოსთხოვოს საჯარო მოხელეს. ამიტომ არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი, სახელმწიფოსთან დაკავშირებული სიმბოლოების ცნობადობის გაზრდა საზოგადოებაში. ამ მიმართულებით საზოგადოებრივ მაუწყებელს ეკისრება განსაკუთრებული პასუხისმგებლობა, ისევე როგორც ცალკეულ ტელევიზიებს, საინფორმაციო საშუალებებს, რომლებსაც აქვთ სოცილური რეკლამის გაშვბის ვალდებულება.

თქვენი აზრით, რამდენად იცნობს საზოგადოება სახელმწიფოს სიმბოლოებს?

დავამატებდი, სახელმწიფო სიმბოლოებთან და სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოებთან, რადგან არის განსხვავება. ჩვენ გვაქვს სამი სახელმწიფო სიმბოლო - სახელმწიფო დროშა, სახელმწიფო გერბი და სახელმწიფო ჰიმნი... სამივე სახელმწიფო სიმბოლო ცნობილია, მიღებულია საზოგადოების მიერ. პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისინი უყვარს, მოსწონს ხალხს. გარდა ამისა, გვაქვს სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოები ყველა სხვა სიმბოლო, რომლითაც წარმოდგენილია სახელმწიფო: მუნიციპალური გერბები და დროშები, რომლებიც ასევე გაითავისეს მუნიციპალიტეტებმა, ისინი განსაკუთრებით ყურადღებით ეკიდებიან არის თუ არა გამოფენილი მათი მუნიციპალიტეტის დროშა, გერბი, სად არის, როგორ არის... თუ დააკვირდებით ყველა მუნიციპალიტეტის შესასვლელთან, სადაც არის წარწერა, იქვე გამოსახულია მათი გერბი, აღმართულია მათი დროშა, იგივე მდგომარეობა გვაქვს მუნიციპალური შენობებზე... უფრო რთულად არის საქმე საჯარო დაწესებულებებთან დაკავშირებით.

სანამ საჯარო დაწესებულებებზე გკითხავდეთ, როგორ არის ამ თვალსაზრისით მდგომარეობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე?

გერბით და დროშით აღჭურვილია წარმომადგენლობითი ორგანოები. ოკუპირებული ტერიტორიებიდან მოსახლეობა ე.ი ამომრჩეველი გამოდევნილია, შესაბამისად, შეუძლებელია წარმომადგენლობითი დაწესებულებების არსებობა, რაც გამორიცხავს სიმბოლოების არსებობას.  ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოში, პირადად გახლავართ ავტორი, ჩატარებულია კვლევა აფახეთის ტერიტორიული სიმბოლოების შესახებ, გამზადებულია სიმბოლოების პროექტები, მაგრამ მათ მიღებას და დამტკიცებას სჭირდება წარმომადგენლობითობა, მისი პოლიტიკური ნება. ასევე მინდა გითხრათ, რადგან ვახსენეთ მუნიციპალური საზღვრის საკითხები, არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ ენგურის ხიდთან არ უნდა იყოს აღმართული საქართველოს სახელმწიფო დროშა, სადაც თავდება ზუგდიდის მუნიციპალიტეტი უნდა იყოს აღმართული ზუგდიდის მუნიციპალიტეტის დროშა და არა სახელმწიფო დროშა. ამით იქმნება შთაბეჭდილება, ყოველ შემთხვევაში სიმბოლოების ენაზე იგულისხმება, რომ საქმე გვაქვს სახელმწიფო საზღვრათან, რაც უხეში შეცდომაა. სახელმწიფო დროშის აღმართვის წესი დარღვეულია. არ შეიძლება ენგურის ხიდზე აღიმართოს საქართველოს სახელმწიფო დროშა ის, როგორც აღმართულია კარწახში, სარფში, წითელ ხიდთან... 

რომ დავუბრუნდეთ საჯარო დაწესებულებებს, რა სიმბოლოებს გამოიყენებენ, რამდენად განსხვავდებიან სამთავრობო უწყებები?

2010 წელს ორგანულ კანონში თვითმმართველობის შესახებ შევიდა ცვლილებები, რომლის ძალითაც მუნიციპალიტეტებს ვალდებულებად განისაზღვრათ ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსთან შეეთანხმებინათ საკუთარი სიმბოლოები, გერბები და დროშები. ამით საბჭოს მიეცა შესაძლებლობა პროცესი მოექცია ერთიან სტილისტურ ჩარჩოში. იგივე ვალდებულება საჯარო დაწესებულებებს განესაზღვრათ 2019 წლის 22 თებერვალს კანონით „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ". სამწუხაროდ, სანამ ვმუშაობდით საკანონმდებლო მექანიზმის შექმნა-მიღებაზე, საჯარო დაწესებულებების ნაწილმა ჰერალდიკის საბჭოსთან შეთანხმების გარეშე, რადგან ამისი პირდაპირი ვალდებულება არ გააჩნდა, დაიდგინა ემბლემები, დროშები..., რომლებიც მეტწილად სრულიად განსხვავდებიან ერთამენეთისგან, მხატვრულად, შინაარსობრივად, უგულებელყოფენ ჰერალდიკის უზოგადეს ნორმებსაც კი. ახალი კანონით უკვე საჯარო დაწესებულებები ვალდებულები არიან 2022 წლის 1 იანვრამდე ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსთან შეთანხმებით გადაამტკიცონ ისეთი ემბლემები, სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოები, რომლებიც არ იყო შეთანხებული ჩვენთან.

საბჭოში უკვე გადაწყვეტილია, რა სტილით უნდა მოხდეს ემბლემების გადამტკიცება?

სამთავრობო უწყება თუ სხვა საჯარო დაწესებულება, რომელიც წარმოადგენს სახელმწიფოს, ცხადია, რომ სიმბოლურადაც უნდა ავლენდეს კავშირს სახელმწიფოსთან ე.ი სახელმწიფო სიმბოლოებთან. ფერი, ფორმა, ცალკეული დეტალი... ბევრი გზა არსებობს ამ მინიშნების გასაკეთებლად, ამ ასოციაციის გამოსაწვევად. სიმბოლო, რომელსაც მოხსნი წარწერას და ვერ მიგახვედრებს რა დაწესებულებას, რომელ სახელმწიფოს წარმოადგენს არ შეიძლება სიმბოლურად იყოს საქართველოს საჯარო დაწესებულების ემბლემა. საერთო სისტემა ჯერ შედგენილი არ არის, ამასთან დაკავშირებით მუშაობას მიმდინარეობს მთავრობასთან, მაგრამ საბჭოს პოზიცია არის, რომ უმჯობესი იქნებოდა ყველა სამთავრობო უწყებას გამოეყენებინა საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბი. მსოფლიოს ყველაზე მაღალგანვითარებულ ქვეყნებს, დიდი ჰერალდიკური ტრადიციის მქონე სახელმწიფოებს აქვთ ამგვარი მიდგომა, მეტადრე მოქნილი მთავრობის პირობებში, არ არსებობს საჭიროება სახელმწიფო განასხვავებდეს საკუთარ უწყებებს სხვადასხვა ფერის, ფორმის, შინაარსის და სტილის ემბლემებით. მცირე სახელმწიფო გერბი საკმარისია, პერალდიკური, ბევრი - მათ შორის ცნობადობის, ლაკონურობის - თვალსაზრისით უფრო გამართლებულია.

ახსენეთ სხვა ქვეყნები, რამდენადაც ვიცით, საბჭოს აქვს ურთიერთობა უცხო ქვეყნების მსგავს ორგანიზაციებთან, თქვენ ხართ რამდენიმე ასოციაციის წევრი, ამაზეც რომ გვითხრათ...

სიმბოლოების ენას დიდი დატვირთვა აქვს, რადგან ყველასთვის გასაგებია, უფრო სწორედ გასაგები უნდა იყოს, არა მხოლოდ საკუთარი მოქალაქისთვის, მთელი მსოფლიოსთვის. გასაგებიც უნდა იყოს და განსხვავებულიც. უნდა გადმოსცემდეს ერთდროულად სახელმწიფოს, რომელიც ერთადერთია მსოფლიოში და თან გასაგებად, სიმბოლო უნდა იყოს კითხვადი, უნდა იკითხებოდეს, ყველა სპეციალისტისთვის და არა მარტო. შარშან ჩვენ მჭიდრო ურთიერთობა დავამყარეთ ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ძალების ჰერალდიკის ინსტიტუტუთან. ინსტიტუტი ბევრი გაგებით საკუთარ სათავეს იღებს ევროპული ჰერალდიკური ტრადიციებიდან, მაგრამ განსაკუთრებით საინტერესო იყო ჩვენთვის თანამედროვე სახელმწიფოში, თანამედროვე სტანდარტებით ფუნქციონირების გამოცდილება. ვიზიტისას კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა, რამდენად მოწესრიგებული, სრულყოფილი და ჩამოყალიბებული სისტემა უნდა იყოს ჰერალდიკის საბჭოს მიზანი. ინსტიტუტი დაწყებული სიმბოლოს ესკიზიდან, მისი პარამეტრების, სტანდარტების, შინაარსის გათვალისწინებით აწარმოებს და ქმნის ამერიკის შეერთებული შტატების ყველა ატრიბუტს, პრეზიდენტის ბეჭედს, სახელმწიფო ჯილდოებს, დროშებს, სამხედრო განმასხვავებელ ნიშნებს, სად და როგორ უნდა იყოს ისინი დატანილი სამხედრო უნიფორმაზე და ა.შ

ჩვენთან თანდათან მოწესრიგდა საკანონმდებლობა ბაზა, თუმცა კიდევ არის გარკვეული ცვლილებები განსახორციელებელი, საბჭოს დასკვნის აუცილებლობამ შეზღუდა საბიუჯეტო სახსრების ხარჯვა სიმბოლოების დაუსაბუთებელი ცვლილებები ე.წ „რებრენდინგები", რომლებიც ხშირ შემთხვევაში თან ახლდა დაწესებულების ხელმძღანელობის ყოველ ცვლილებას, იგივე ღონისძიებებია გასატარებელი უკვე დამზადებული სიმბოლოების სტანდარტიზაციის კუთხით, რომ თავიდან ავიცილოთ უხარისხო, ნიმუშთან შეუსაბამო სიმბოლოების დამზადება. ამ საკითხებში თანამშრომლობის დამაიმედებელი გეგმები გვაქვს ამერიკის შეერთებულ შტატებთან.

ინტერვიუ საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მამუკა გონგაძესთან.