ძალაში შევიდა კანონი „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“

 

 

          ძალაში შევიდა კანონი „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“. კანონი შემუშავებულია საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტისა და საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს ურთიერთთანამშრომლობით და შესაძლებლობას იძლევა სახელმწიფო მნიშვნელობის მქონე ყველა სიმბოლო მოექცეს საერთო სახელმწიფო ჰერალდიკური პოლიტიკის ჩარჩოში.

             ახალი კანონი ქმნის ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებისა და გატარების პირობას სახელმწიფო მნიშვნელობის მქონე ყველა სიმბოლოს, როგორც სახელმწიფო დაწესებულების ემბლემის, ლოგოს, სახელმწიფო და უწყებრივი ჯილდოს, თანამდებობრივი და სამხედრო განმასხვავებელი ნიშნის, ისე ოფიციალური დოკუმენტისა და ბლანკის მიმართულებით.

           მსგავსი ცვლილება უკვე განხორციელდა ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში 2009 წელს, რამაც შესაძლებელი გახადა საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტს საერთაშორისო ჰერალდიკური ნორმების დაცვით დაედგინა მუნიციპალური სიმბოლოები გერბი და დროშა.

              გამოცდილებამ ადგილობრივი თვითმართველობის სიმბოლოების დადგენის საქმეში, ასევე საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებამ, მანამდე ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის არარსებობამ სახელმწიფო მნიშვნელობის მქონე სიმბოლოების საკითხებში, გააჩინა ერთიანი მიდგომისა და საკანონმდებლო მექანიზმის შემუშავების აუცილებლობა.

           საქართველოს პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა გაიზიარა სახელმწიფო მნიშვნელობის მქონე სიმბოლოების მიმართ ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავების აუცილებლობა და მოახდინა საკანონმდებლო პაკეტის ინიცირება. საკომიტეტო და სასესიო განხილვების შედეგად კანონმა მოიპოვა საქართველოს პარლამენტის წევრთა უმრავლესობის მხარდაჭერა.