პარლამენტთან არსებულმა ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭომ ჟურნალ „ჰეროლდის" მე-6 ნორმისა და ქალაქ თბილისის საიმბოლიკასთან დაკავშირებული კონფერენციის მასალების პრეზენტაცია გამართა.

 

„ჰეროლდი" საქართველოში ერთადერთი ყოველწლიური ჟურნალია, რომელიც აქვეყნებს ჰერალდიკის, ვექსილოლოგიის, ფალერისტიკის, ნუმიზმატიკის, ბონისტიკის, სფრაგისტიკის, უნიფორმოლოგიისა და ემბლემატიკის საკითხებსა და კვლევებს. მეექსვე ნომერში მკითხველი შეხვდება სტატიებს: ქართული სამიწაწყლო ისტორიული გერბების, 1800-1810 წლების იმერეთის სამეფოს ჰერალდიკას, სპარსი მემატიანის ცნობას XII საუკუნის ქართული დროშის შესახებ, ხატის დროშებთან საქართველოს მთაში შენარჩუნებულ დამოკიდებულებას, სტატიას თბილისის XVII- XIX სს სპილენძის მონეტებზე შესაძლო ჰერალდიკური გამოსახულებების შესახებ, აგრეთვე თამარ მეფის ორდენის ისტორიას, ევროპის ჯვრებსა და სამხარეო და საქალაქო გერბების განვითარებას ქართულ ჰერალდიკაში.

 

ტრადიციულად, „ჰეროლდის" ყველა ნომერში წარმოდგენილია, როგორც ქართველი ისტორიკოსებისა და ჰერალდიკოსების სტატიები, ისე უცხოელი სპეციელისტების ნაშრომები. მე-6 ნომერში არის ხორვატი ავტორის ჟეიკო ჰეიმერის სტატია ხორვატიის თანამედროვე მუნიციპალური დროშების შესახებ. საქართველოს სახელმწიფო გერბის ავტორმა და ჰერალდიკის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ მამუკა გონგაძემ აღნიშნა, რომ ჟურნალ „ჰეროლდში" მოყვანილია ჰერალდიკური მასალები, ასევე უცხოელი სპეციალისტების ჰერალდიკური გამოკვლევები სხვადასხვა ქვეყნებთან დაკავშირებით.

 

მამუკა გონგაძემ თბილისის სიმბოლიკაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ 80-იან წლებში შექმნილი სიმბოლოები ჰერალდიკის კანონიკით არაა შექმნილი. "ამ ნომრიდან გამოვყოფდი ვაჟა-ფშაველას ნაკლებად ცნობილ ნაწარმოებს "დროშას", რომელიც ქართველების შესაშურ დამოკიდებულებას ეძღვნება დროშის მიმართ, თუ როგორ თმობენ მთიელები ყველაფერს ოღონდ დაიცვან და გადაარჩინონ საკუთარი დროშა, სახელმწიფოსთან და დამოუკიდებლობასთან ერთად ჩვენ დროშის მიმართ ასეთი დამოკიდებულებაც დაგვაკარგინეს. ასევე შარშან წყალტუბოში ჩატარდა კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა ქალაქ თბილისის სიმბოლოებს. განხილული იყო სხვა ქვეყნების დედაქალაქების სიმბოლოები.

 

ამ კონფერეციაში მონაწილეობდა თბილისის მერია და თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო. გამოიკვეთა, რომ დღეს მოქმედი სიმბოლოები, რომლებიც საბჭოთა დროსაა მიღებული, 80-იანი წლების ბოლოს, არაა ჰერალდიკის კანონიკით შექმნილი და არაა ტრადიციული სიმბოლო, მაგრამ, რა თქმა უნდა, იმ დროისთვის თამამი ნაბიჯი იყო, მაგალითად წარმოუდგენელი იყო ჯვრის გამოსახვა", - განაცხადა მამუკა გონგაძემ. ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს დიზაინისა და ანალიტიკის სამსახურის უფროსის დავით ჩხეიძის თქმით, „ჰეროლდი" ერთადერთი ჟურნალია, რომელიც ამ დარგში გამოიცემა.

 

მან ასევე ყურადღება გაამახვილა თბილისის სიმბოლოებზე. „დღეს არის ჟურნალი პრეზენტაცია და ასევე თბილისის სიმბოლიკისადმი მიძღვნილი კონფერენციის მასალების პრეზენტაცია.ფაქტობრივად შექმნილია მთელი საქართველოს მუნიციპალური სიმბოლიკა. 70-მდე მუნიციპალიტეტმა საბჭოს კოორდინაციით შექმნა თავისი გერბი და დროშა, ამ ფაქტიდან ამოვარდნილია მხოლოდ თბილისი და ოკუპირებული ტერიტორიები. თბილისს აქვს 80-იანი წლების სიმბოლიკა, რომელსაც ჰერალდიკურად გარკვეული შეუსაბამობები აქვს და რომელიც დასახვეწია. უკვე საკრებულოშიც და მერიაშიც ამაზე მსჯელობაა. ეს პროცესი ძალიან მალე დაიძვრება. რა შეუსაბამობებია, ისტორიის მანძილზე რა სიმბოლიკა ჰქონდა თბილისს, როგორი დროშები და გერბები - სწორედ ამას ეძღვნება გამოცემა", - განაცხადა დავით ჩხეიძემ. 

 

ფოტო მასალა

 

 

 

 

იხილეთ აგრეთვე საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ლინკი